შავი ჭირი შეიძლება წარსულთან ასოცირდება, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია კიდევ არსებობს და მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აინფიცირებს; აშშ-ში მისი შემთხვევები შედარებით იშვიათია.
ორეგონის შტატში შავი ჭირის შემთხვევა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა; ოფიციალურ უწყებათა განცხადებით, დაავადება ადამიანზე სავარაუდოდ შინაური კატისგან გადავიდა, რომელსაც ასევე ჰქონდა სიმპტომები.
ორეგონის ჯანდაცვის ოფიცრის, რიჩარდ ფაუსეტის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც შავი ჭირი კატისგან გადაედო, ძალიან ცუდად გახდა.
როგორც წესი, ამ სახის ინფექციები გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, აღენიშნებათ დაღლილობა, ცხელება, შემცივნება და თავის ტკივილი.
თუმცა, ორეგონში დაფიქსირებული შემთხვევა ჩირქოვან გროვებამდე, ე. წ. ბუბონებდამდე პროგრესირდა, რაც დღესდღეობით იშვიათია.
საბედნიეროდ, თანამედროვე ანტიბიოტიკების წყალობით, ბუბონური შავი ჭირი სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis-ი იშვიათად ხდება ფატალური, თუ მისი დაფიქსირება და მკურნალობა დროულად მოხერხდა.
ორეგონელი პაციენტი თანამედროვე პრეპარატებით მკურნალობაზე კარგად რეაგირებს; ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შეკავების მიზნით, მკურნალობენ მის კონტაქტებსაც.
ოფიციალური უწყებები არ ამბობენ, როგორ გავრცელდა ინფექცია კატიდან პატრონზე, მაგრამ თუ კატას ინფიცირებულმა რწყილებმა უკბინეს, ის რწყილები მან შეიძლება სახლშიც მიიყვანა და პატრონს გადასდო. ასევე შესაძლებელია, პატრონს კონტაქტი ჰქონოდა კატის ინფიცირებულ სითხეებთან.
როგორც წესი, Y. pestis-ი პატარა ძუძუმწოვრებსა და რწყილებს აინფიცირებს; იმის მიხედვით, თუ როგორ გავრცელდება ადამიანებში — ნაკბენით, ინფიცირებული სითხეებით თუ ჰაერში არსებული წვეთებით — შეუძლია გამოიწვიოს ბუბონური ჭირი ან სისხლის ან ფილტვების ჭირი.
ბუბონური ჭირი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ზემოქმედებს ლიმფურ სისტემაზე, იწვევს ლიმფური კვანძების შესივებასა და ტკივილს, რომლებიც შეიძლება ღია, ჩირქით სავსე წყლულებად გადაიქცეს.
თუ ინფექცია ორგანიზმში გავრცელდა, შეიძლება დააინფიციროს ფილტვებიც. ორეგონელ პაციენტს საავადმყოფოში ხველებაც დააწყებინა, რაც იმის ნიშანია, რომ დაავადება შეიძლება საშიშ ფორმაში პროგრესირდა.
შავი ჭირი აშშ-ში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა, რაც იქ გემებიდან გადასულმა ვირთხებმა ჩაიტანეს.
შავი ჭირის ურბანული ეპიდემია აშშ-ში 1925 წელს დასრულდა, მაგრამ ბაქტერიამ თავშესაფარი ვირთხებში იპოვა, რაც პერიოდულად იწვევდა დაავადების აფეთქებებს.
დღეისათვის, შემთხვევათა უმეტესობა აშშ-ში შუა-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო დასახლებებში ხდება; წელიწადში აღირიცხება დაახლოებით შვიდი შემთხვევა.
ორეგონში შავი ჭირის შემთხვევა ბოლოს 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინფექცია ნადირობიდან დაბრუნებულ გოგოს გამოუვლინდა და შემდეგ რეანიმაციაშიც მოხვდა. ათწლეულებია, ამ შტატში შავი ჭირით სიკვდილი არ დაფიქსირებულა.
შავი ჭირი ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი ოკეანეთის გარდა; ყველაზე ხშირად ფიქსირდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მადაგასკარსა და პერუში.
შავმა ჭირმა მე-15 საუკუნეში ევროპაში და მე-19 საუკუნეში ჩინეთსა და ინდოეთში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა; დღეს ის სულაც აღარაა ისეთი სასიკვდილო, როგორც ერთ დროს იყო.
მომზადებულია NBC News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.