„ორბი ჯგუფის“ დირექტორი - კომპანია იღებს ვალდებულებას, ბახმაროში ააშენოს სასტუმრო-კომპლექსი, უზრუნველყოს 100 მილიონის ინვესტიცია და შექმნას 2000 სამუშაო ადგილი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს იქნება უნიკალური პროექტი არამხოლოდ საქართველოს ან რეგიონის მასშტაბით, არამედ ევროპულ კურორტებს შორის ერთ- ერთი განსაკუთრებული, – ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნორში“ სტუმრობისას ბახმაროში ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბიზნესმენი გაოცებულია იმ ნეგატიური გამოხმაურებებით, რაც ბახმაროში ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაანონსებას მოჰყვა.
„ბახმარო, მიუხედავად მისი უნიკალური თვისებებისა, დღემდე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გარეშეა და რჩება დასვენებისთვის მოუხერხებელ ადგილად, სადაც არ გვაქვს კანალიზაცია, წყალმომარაგება და ელემენტარულ სერვისებზე წვდომა, ფაქტობრივ გარემოებას ვამბობ. ასეთ აუთვისებელ კურორტზე კომპანია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს 100 მილიონის ინვესტიცია, შექმნას 2000 სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს ისეთი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სასტუმრო-კომპლექსს, გასართობ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონას, ღია და დახურულ აუზებს და ვერტმფრენის დასაფრენ ადგილს“, – აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.
მისი თქმით, კომპლექსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიები იმუშავებენ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მთის კურორტების დაპროექტებაში.
ამასთან, „ორბი ჯგუფის“ დირექტორი კატეგორიულად გამორიცხავს ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, ამბობს, რომ კომპლექსი მორგებული იქნება არსებულ ლანდშაფტსა და გარემოს.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ დაგეგმილი 100 მილიონიანი ინვესტიციის 95 პროცენტი უცხოეთიდან იქნება მოზიდული. 2019 წელი კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმობა, აქტიური სამშენებლო სამუშაოები კი, მომავალი წლიდან დაიწყება.
50 მილიონი დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ, მთავრობამ „ორბი რეზიდენსს“ ბახმაროში 4,3 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა.