„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი - ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არასწორ ფაქტებზეა დაფუძნებული
„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი - ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არასწორ ფაქტებზეა დაფუძნებული

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არასწორ ფაქტებზეა დაფუძნებული.

როგორც ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, გარკვეულ წრეებში ბახმაროში მშენებლობის საკითხის პოლიტიზების მცდელობაც არის.

„მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის ბახმაროსთვის უმნიშვნელოვანესი, რომელიც კარს გაუხსნის ბახმაროს განვითარებას. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უზრუნველყოფს ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, სოფლად ადამიანების დაბრუნებას, ახალი კვალიფიციური კადრების დაკომპლეტებას, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, უზრუნველყოფს უფრო მეტი ტურისტის მიღებას.

მინდა, გჯეროდეთ, რომ კომპანიას არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ დააზიანოს და გაანადგუროს ბახმაროს ლანდშაფტი. პროექტის მიზანია, რომ ბახმარო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ვაქციოთ. სწორედ ამიტომ შვიდ სხვადასხვა წამყვან არქიტექტურულ კომპანიას დავუკვეთეთ აღნიშნული პროექტი. თითოეულ მათგანს მიეცა დავალება, შეემუშავებინათ გენგეგმა. ყველა კომპანია ჩავიყვანეთ ბახმაროში, რათა მათთვის გასაგები ყოფილიყო ის ავთენტური გარემო და სივრცე, რომელიც ბახმაროს აქვს. შვიდივე კომპანიის მიდგომა და კონცეფცია იყო ერთგვაროვანი, უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებული სერვისების მქონე მრავალფუნქციური კომპლექსი. კომპანიის გადაწყვეტილებით, შევარჩიეთ მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული ბიურო“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, „ორბის“ პროექტი იქნება ლოკომოტივი ბახმაროს განვითარებისთვის.

„პროექტის მშენებლობის ეტაპზე დასაქმდება ასობით ადგილობრივი ადამიანი, ხოლო სასტუმროს ექსპლუატაციის მიღების შემდეგ, ჩვენი გეგმაა, დასაქმებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბოს.

ხშირად გვხვდება ინფორმაცია, რომ კომპანიას არ გააჩნია მშენებლობის უფლება, რაც არის დეზინფორმაცია და სიცრუე. მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს ინტერესი, ავუხსნით ყველაფერს. სასტუმრო აშენდება მსოფლიოს სტანდარტებით და გამოყენებული იქნება მხოლოდ ბუნებრივი მასალა, ბუნებრივი ხისა და ბუნებრივი ქვის ელემენტების მეშვეობით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ე.წ. ბეტონიზაციის თემას.

არასწორი მოსაზრებებია თოვლ-ზვავის საშიშრობასთან დაკავშირებით. მინდა, აღვნიშნო, რომ კომპანიამ, ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, 2023 წელს ჩაატარა თოვლ-ზვავის საფრთხის შემცველობაზე კვლევა და მინდა, გითხრათ, რომ თოვლ-ზვავის საშიშროების მქონე ტერიტორიასთან ჩვენი პროექტის მშენებლობას საერთოდ არ აქვს შემხებლობა. ყველა ინფორმაცია, თითქოს ეს შენობა-ნაგებობები იქნება ზვავსაშიშ ადგილას, არის სრული სიცრუე“, – განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.