ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა [ვიდეო]
ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა.
სასახლეში დედაენის დღისა და ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ქართული ანბანის განვითარებისა და კალიგრაფიული ხელოვნების გამოყენების ეტაპებს ასახავდა; მოეწყო ხელოვან შოთა საგანელიძის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ცხრა ნამუშევარი.
შოთა საგანელიძემ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების უნიკალური პორტრეტების სერია – ფერწერული ტილოები ძველი და ახალი ქართული დამწერლობის სისტემების გამოყენებით შექმნა. ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს ნამუშევრის შესახებ ინფორმაციის მიღება QR კოდით, ვიკიპედიის საშუალებით შეეძლოთ.
ხელოვანმა შოთა საგანელიძემ სასახლეში ასევე ჩაატარა მასტერკლასი, სულხან-საბა ორბელიანის პორტრეტი დახატა და ორბელიანების სასახლეს საჩუქრად გადასცა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სასახლის ეზოში კალიგრაფიულ-ორნამენტული პროექციის გაშვებით დასრულდა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.