„ოქსფამი“ - მსოფლიოს 2153 უმდიდრესი ადამიანის ქონების ღირებულებამ 4,6 მილიარდი უღარიბესი მოქალაქის ქონების ოდენობას გადააჭარბა
საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მონაცემებით, 2019 წელს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 2153 ადამიანის ქონების ღირებულებამ, ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი მოქალაქის ქონების ოდენობას გადააჭარბა.
„ოქსფამი“ ყოველწლიურ ანგარიშს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე აქვეყნებს. წელს ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება ქალების შრომას დაუთმო.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ქალები ყოველდღე 12,5 მილიარდ საათს ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და მსოფლიო ეკონომიკაში მათი წვლილი 10,8 ტრილიონი დოლარია, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წვლილს სამჯერ აღემატება.
„მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ქალების შრომა არის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, თუმცა ის კვლავ ჩრდილში რჩება. ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა „ოქსფამის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, მაგალითისთვის ინდოეთში ქალები დღეში 16-17 საათს მუშაობენ. ისინი უფასოდ ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიცაა ოჯახის სასმელი წყლით მომარაგება, ყოველდღიურ საჭმელზე ზრუნვა, ბავშვების სკოლისთვის მომზადება და პარალელურად დაბალანაზღაურებად სამუშაოზე არიან დასაქმებულები.
„მეორე მხრივ კი, ჩვენ ვხედავთ მილიარდერებს, რომლებიც დავოსში პირადი თვითმფრინავებით მიემგზავრებიან“, – აცხადებენ „ოქსფამში“.
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა იზრუნოს, რათა ქალების შრომა დაფასდეს, ხოლო მილიარდერები დაიბეგრონ და მათი გადასახადებით უნდა დაფინანსდეს სხვადასხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტი.
„მსოფლიოს 30 ქვეყანაში საპროტესტო აქციებია. ხალხი ეკონომიკურ უთანასწორობას ეწინააღმდეგება“, – აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.