ოქრუაშვილმა შახბაზოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი აიღო (ვიდეო) | ბუდაპეშტის გრან-პრი
ადამ ოქრუაშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა მედლამდე გრძელი გზა გაიარა – მან მე-3 წრეში ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდი დააიპონა, შემდეგ მეოთხედფინალში როი მეიერთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც რუსი ტემირლან ბაშაევი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ოქრუაშვილი რუს რუსლან შახბაზოვს შეხვდა. ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა. პირველი ვაზარი ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა, მაგრამ ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ილეთი შახბაზოვმაც შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
დამატებითი დროის 24-ე წამზე ადამმა მორიგი ეფექტური გდება შეასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბუდაპეშტის გრან-პრიზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალს ამირან პაპინაშვილს (-60 კგ.) და ადამ ოქრუაშვილს ერგოთ (+100 კგ.), ხოლო ვერცხლის მედალი კი უშანგი მარგიანმა მოიპოვა.