პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას, უინფრისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ეს ვარიანტი არ განიხილება და ოპრა უინფრი საერთოდ არ ფიქრობს კანდიდატურის დაყენებაზე.
ამერიკელი ტელეწამყვანი კვირას ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ რიგით 75-ე დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა. უინფრის სესილ ბი დემილის საპატიო ჯილდო გადაეცა. ცნობილი ტელეწამყვანის სიტყვით გამოსვლას კი დარბაზი მხურვალე ოვაციებით შეხვდა.
„მინდა, ყველა იმ გოგოს ვუთხრა, ვინც ახლა მიყურებს: ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, გათენდება, ეს იმ არაჩვეულებრივი ქალების დამსახურება იქნება, რომლებიც აქ სხედან. ასევე იმ კაცების, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ შექმნან მომავალი, სადაც აღარავინ იტყვის „მეც“, – ტელეწამყვანის ამ გამოსვლის შემდეგ, არაერთმა ამერიკულმა გამოცემამ დაწერა, რომ უინფრი 2020 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას განიხილავდა.