ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის ინიციატივაზე შეხვედრა გამართეს
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე სასაუბროდ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა „ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიის ოფისში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და „ქართული ოცნების“ ინიციატივას შეეხებოდა, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ეთანხმებიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავსვლას, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნულოვან ბარიერს აქვს გარკვეული რისკები. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მსჯელობის პროცესში აუცილებლად დააყენებენ ბლოკების შექმნის საკითხს. ასევე ოპოზიცია ამბობს, რომ კარგია, როდესაც ხელისუფლება 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის მზად არის, თუმცა ახლა მთავარია, ეს ინიციატივა სისრულეში მოვიდეს
„ხელისუფლების იძულებითი ინიციატივა არის ის, რომ სამპროცენტიანი ბარიერს, რაც 2020 წლისთვის იყო, ცვლის 0,67 პროცენტიანი ბარიერი და არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. სხვა თემებზე ხელისუფლებას არ ულაპარაკია, ამიტომ, სხვა საკითხებს ეს არ ეხება. ბლოკები კონსტიტუციით არის დაშვებული და ჩვენ არც კი განვიხილავთ ამ საკითხებს.
ყოველთვის უნდა ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან მცდელობას, რომ რაღაცები გაწელონ და გააფუჭონ. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, როცა 2015 წელს მას ვათქმევინეთ, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით იქნებოდა, მაგრამ მერე უარყვეს.
საჭიროა პოლიტიკისა და საზოგადოების მუდმივი კონტროლი პარლამენტში და თუ საჭირო იქნება, ქუჩიდანაც, რომ ჩვენ ეს გავიტანოთ“, – განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი კონსულტაციებს ხვალ, 11:00 საათზე გააგრძელებენ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.