ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმში ხუთი ძირითადი პუნქტია ასახული – მოსამართლეების არჩევითობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე უცხოური გამოცდილების გამოყენება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.
„ჩვენი ინიციატივა იყო ზოგადად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევა, თუმცა შეთანხმების ტექსტში რაც წერია, ყველა პარტიის ინიციატივაა, ყველასი არის რაღაც გათვალისწინებული. ამ ცვლილებების პრაქტიკაში გატარება უზრუნველყოფს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევას და იმისაც, რომ ვერავინ შეძლოს, ერთმა კაცმაც, სასამართლოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება. იქნებიან რაიონულ სასამართლოებში არჩეული მოსამართლეები, ანუ მათ ადამიანები აირჩევენ. სისხლის სამართლის საქმეებზე ადამიანს საბოლოოდ შეეძლება, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა და უმაღლესი ინსტანციების სასამართლოებში შემოვლენ უცხოელი მოსამართლეები, ანუ შემოდის სხვა ქვეყნის სამართლებრივი განათლება“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მისთვის საკვანძოა ნაფიც მსაჯულთა საკითხი.
„პოლიტიკური ელიტის ვერც ერთმა თაობამ ვერ გადაჭრა უახლოეს ისტორიაში, რომ სასამართლოს თავისუფლება იქნას რეალურად დაძრული. ის, რაც გვქონდა 1918-1921 წლებში, ის, რაზეც საუბრობდა ილია ჭავჭავაძე, ნაფიც მსაჯულებზე მაგალითად, როცა თქვა ისტორიული სიტყვები, რომ ნაფიც მსაჯულობა მხოლოდ იმიტომ არის სანატრელი და კარგი, რომ მსაჯულობს სინდისი ერის და არა ჩინოვნიკის. 1918-1921 წლებში გვქონდა ნაფიც მსაჯულობები, მერე საბჭოთა, რუსულმა, სტალინისტურმა ოკუპაციამ სისხლში ჩაახშო ყველაფერი. ახლა უნდა დავაბრუნოთ, ეს არის ჩემი საკვანძო საკითხი. სხვა ფუნდამენტური საკითხებია აქ და მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური მთავრობა, რომელიც ივანიშვილის დამარცხების შემდეგ იქნება, წინასწარ ჰქონდეს განსაზღვრული ნაბიჯები, რომელსაც სწრაფად გადადგამს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება უშუალოდ მემორანდუმის ტექსტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, მასში ნათქვამია:
„პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე
ქვემოთ ხელმომწერი პარტიები ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განვახორციელებთ შემდეგ რეფორმებს და დავისახავთ შემდეგ ამოცანებს:
1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;
2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;
3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით – 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.
4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგრძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;
5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მემორანდუმში.