ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეკომენდაციების შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის არის საჭირო.
„სამოქალაქო სექტორთან, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე პროცესი, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ. შეხვედრაზე თორმეტივე მიმართულებით დღეისთვის არსებული მდგომარეობა შევაჯამეთ. განვიხილეთ 7-8 კონკრეტული კანონპროექტი და ასევე ვიმსჯელეთ 4-5 მიმართულებაზე, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივად მუშავდება. გამოიკვეთა, რომ საჭიროა დამატებითი შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასასრულებლად საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია. ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ის თემები, სადაც შესაძლოა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი, არის 2-3 ასეთი შესაძლებლობა. მთავარია, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებას, ამ კონკრეტულ საკითხში, სერიოზული თემებით და იდეებით ვხვდებით. მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტები და საკითხები. განწყობილნი ვართ კონსესუსის ძიებისკენ, რადგან ევროპა ჩვენგან კონსოლიდირებულ და შეთანხმებულ პოზიციებს ელის“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საბოლოო დოკუმენტი ამ ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება.
„ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაო პროცესს. მომავალ კვირაში, სამოქალაქო სექტორისგან მხოლოდ ოთხ მიმართულებაზე – მართლმსაჯულებაზე, დეოლიგარქიზაციაზე, საარჩევნო რეფორმებსა და მედია საკითხებზე დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ. შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტი ამ ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო პაკეტები, რაც ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა ვაშაძემ.