ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ კოალიცია ახალი ძალებით აპირებს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას
ოპოზიციური ერთობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდა.
ოპოზიციური გაერთიანების წევრების განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, განიხილეს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისაუბრეს წინასაარჩევნო სტრატეგიაზე.
მათივე თქმით, კოალიცია რჩება და ახალი ძალებით აპირებს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
„ჩვენი ამოცანა არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის დასრულება და ეს უნდა დასრულდეს პირველ რიგში ძალების კონსოლიდაციით და თავმოყრით. სწორედ ამას აპირებს მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. შეხვედრაზე ვსაუბრობდით წინასაარჩევნო საკითხებზე, ჩვენს საარჩევნო სტრატეგიაზე, თუ როგორი იქნება ტაქტიკა, საარჩევნო შტაბი და ასე შემდეგ. შეთანხმება კოალიციაში „ძალა ერთობაშია“ მოხდა ორი წლის წინ, როცა ჩამოყალიბდა ეს მოძრაობა, იქ ხელი მოეწერა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან პრინციპს, თუ როგორი უნდა იყოს 2020 წლისთვის საარჩევნო სია, ეს პრინციპი არ შეცვლილა. იქ გათვალისწინებული იქნება ერთობაში შემავალი ყველა სუბიექტების ინტერესები.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ იქნება წარმოდგენილი და თუ პარტია ჩათვლის, რომ მე უნდა ვიყო, ვიქნები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს მოძრაობა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და სუბიექტებთან, ცალკეულ პიროვნებებთან ველოდებით შევსებას, გაძლიერებას და კოალიციის გაფართოებას“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ამასთან, მამუკა გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი კითხვა იყო, რჩება თუ არა ოპოზიციური ერთობა ურყევი და ერთიანი.
„ამ კითხვას პასუხი ნამდვილად გაეცა და რჩება. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ასეთი კარგი შეხვედრა ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია. პერსპექტივებით, გარკვეული ვადებითაც იყო უკვე უსაუბარი. ბატონი გრიგოლ ვაშაძე დღეს ძალიან საინტერესო გამოსვლით გამოვიდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვრჩებით ერთგულები იმ ერთობისა, რაც არის.
ჩვენ სიაზე ჯერ საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ვიცით, რომ სიაში უნდა ვიყოთ ყველა, სად და როგორ, საერთოდ არ აქვს მაგას ჩემთვის მნიშვნელობა. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და მოტივირებულები ვართ, გავიმარჯვოთ. შევატყვე, რომ ყველას გვაქვს ძალიან პოზიტიური და ძალიან შემართული განწყობა გამარჯვებისთვის.
ცოტა მოგვიანებით შედგება იმ პოლიტიკური ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკები, რომელიც ჩვენთან შემოდის. საერთო მაჟორიტარებზე სია ჯერჯერობით ჩამოყალიბების რეჟიმშია, ჩვენ უკან არ ვიხევთ, ვისაც ექნება სურვილი და ძალა შესწევს, მზად ვართ. ვაშაძესთან ძალიან საინტერესო საუბარი შედგა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვლაპარაკობდით იმ ორგანიზაციების, იმ ქვეყნების, დიპლომატების ჩართულობაზე, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მოგეხსენებათ, წინა წლებში ძალიან სერიოზული პრობლემა გვქონდა გაყალბებასთან დაკავშირებით, ზეწოლა არჩევნებზე, მოსყიდვა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორი ჩართულობა იქნება დასავლეთის და ჩვენი პარტნიორების ორგანიზაციებისგან. ძალიან საიტერესო მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით და საინტერესო პასუხები მივიღეთ“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.