ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ილია დარჩიაშვილს წერილით მიმართავს და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებზე პოლიტიკურ შეფასებას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ილია დარჩიაშვილს წერილით მიმართავს და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებზე პოლიტიკურ შეფასებას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს წერილით მიმართავს, რათა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებს პოლიტიკური შეფასება მისცეს.

როგორც წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, მიაჩნიათ, რომ ოფიციალურმა თბილისმა დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს აღნიშნული ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება.

აქუბარდიას თქმით, აღნიშნული ფაქტის შეფასებისკენ საქართველოს პრეზიდენტსაც მოუწოდებენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შესაბამისი რეზოლუციით ე.წ. რეფერენდუმების დაგმობის მოთხოვნით მიმართავენ.

„დღეს დეპუტატების ნაწილმა ერთობლივი წერილით მივმართეთ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმების პოლიტიკური შეფასებების მოთხოვნით. როგორც ცნობილია, რუსეთი 23-27 სექტემბერს გეგმავს, უკანონო რეფერენდუმის გზით დონეცკისა და ლუგანსკის, ისევე, როგორც ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ნაწილი რუსეთის ფედერაციას მიუერთოს. აღნიშნული ქმედება არაერთმა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა უკვე შეაფასა ფაქტობრივი ანექსიის მორიგ ნაბიჯად, თუმცა საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხდენია მისი შეფასება და დაგმობა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ოფიციალურმა თბილისმა დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს აღნიშნული ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აღნიშნული ფაქტის შეფასებისკენ. ასევე, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს, შესაბამისი რეზოლუციით მოხდეს ამ უკანონობის დაგმობა“, – განაცხადა აქუბარდიამ.