ჯო ბაიდენი - აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე
ჯო ბაიდენი - აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს აბსოლუტურად ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ მათი შედეგები მოსკოვის მიერ იქნა მომზადებული.

„მსურს, ვიყო ძალიან მკაფიო ამ საკითხის მიმართ. შეერთებული შტატები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს ე.წ. რეფერენდუმი იყო ცრუ, აბსოლუტური ტყუილი. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ვლინდება ყოველდღიურად, რამდენადაც ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე თავისუფლების დასაცავად. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, პუტინის იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად, არის გაერო-ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა“, – განაცხადა ბაიდენმა.