ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ყველა მხარეს იწვევს შეხვედრაზე, რადგან ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლის და პოლიტიკური დიალოგის დროა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.