შარლ მიშელი - ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ
შარლ მიშელი - ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ

ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ, პოლიტიკური დიალოგის დროა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარეს მოუწოდებს, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდნენ ძალები პოლიტიკური დიალოგისთვის.

„მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და აქვს მიღწევები. თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს პოლარიზაცია და კრიზისი უნდა დასრულდეს.  ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევებს და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდნენ ძალები, რათა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დროა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს – ესაა მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმა. დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.