ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის ოფისის წევრებთან შეხვედრა გამართეს
ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის ოფისის წევრებთან შეხვედრა გამართეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის ევროკავშირის წარმომადგენლობიდან ტელეხიდის საშუალებით შარლ მიშელის ოფისის წევრებთან შეხვედრა გამართეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და 19 აპრილის შეთანხმებას.

როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიცის წარმომადგენლებმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში მოცემული ძირითადი პუნქტების შესრულებაზე უარს იტყვის, ევროკავშირი დაფინანსების საკითხს გადახედავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ძალიან მკაფიოა ევროკავშირის მესიჯი – არ იქნება პროგრესი შესრულებაში, სამწუხაროდ, საქართველო ვერ მიიღებს მაკროფინანსურ დახმარებას, მათ შორის განსაკუთრებით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის მითითებული შეთანხმებაში.

„ასე რომ, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელშია. ვწუხვარ, რომ ასე ზიანდება საქართველოს ინტერესები, „ქართული ოცნების“ ნაბიჯებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საუბარი იყო, პირობების შეუსრულოებლობას მოჰყვება გარკვეული რეაქციები ევროკავშირის მხრიდან.

„აქ საუბარი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გავლენის ჯგუფების შემცირებაზე და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე, რაშიც პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონპროექტის როლს ამ ყველაფერში ვხედავთ. საუბარი იყო არამოსამართლე წევრების არჩევის მნიშვნელობაზე გამჭირვალე პროცედურებით. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ეს პირობები არ შესრულდება, ამას მოჰყვება გარკვეული რეაქციები ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.