ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმების შესახებ კავთისხევში დახურული შეხვედრა გამართეს
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმების შესახებ მორიგი შეხვედრა კავთისხევში გამართეს.
კავთისხევში დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „დროას“, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“, პარტია „ახალის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო და საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მართავენ ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს.
იქიდან გამომდინარე, რომ პარტიებმა, რომლებიც კავთისხევში შეხვედრას ესწრებოდნენ, მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომ მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას ჰქონდეს კოორდინაცია, შეიმუშაონ საერთო გეგმა, შესაძლებელია ვარაუდი, რომ აღნიშნულ შეხვედრაზეც მსჯელობა ეხებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.