ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა [ფოტო]
ოპოზიციის წარმომადგენლები, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და ლილე ლიპარტელიანი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს სამუშაო კაბინეტში შეხვდნენ.
შეხვედრას საკრებულოს უმრავლესობის წევრები, რიმა ბერაძე და ბექა დავითულიანიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვლავ მოითხოვეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან, რომ ერეკლე კუხიანიძეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, მანდატი დაეტოვებინა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობამ უკვე დააფიქსირა პოზიცია, ემიჯნებიან ერეკლე კუხიანიძის განცხადებას. მისივე თქმით, გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ხატია დეკანოიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, სხდომა მათივე მონაწილეობით დღესვე ჩაეტარებინა. საკრებულოს თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ სხდომა აუცილებლად ჩატარდებოდა, თუმცა მაშინ, როცა ამას თავად გადაწყვეტდნენ.
„აუცილებლად ჩავატარებთ სხდომას, თქვენ ნუ გვიკარნახებთ, როდის ჩავატაროთ“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.