ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ
ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან, ნათია მეზვრიშვილთან და ანა ბუჩუკურთან, „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილთან და ასევე ხატია დეკანოიძესთან.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. ამასთან, აღნიშნეს, რომ შეხვედრის ინიციატორი თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო.

როგორც ბუჩუკურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

„ვსაუბრობდით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიხურება. ვადასტურებ, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით ინიციატივა მოდიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის მთავარი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„საუბარი შეეხებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპი, რა ეტაპზეც ჩვენ ვართ. ხშირად ვუზიარებთ ხოლმე აზრებს ამ მიმართულებით და გვიზიარებს მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც. მისი მთავარი ძალისხმევა ნამდვილად, როგორც მან თქვა და ყველა ვხედავთ, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე ვუთხარი პირადად ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომ მე არ დავუჭერ იმპიჩმენტს მხარს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი უკიდურესად შეშფოთებულია ხელისუფლების საბოტაჟით და სურს, მოძებნოს გზა, არ ასრულდეს რუსული ოცნება და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„საქართველოს პრეზიდენტი არის უკიდურესად შეშფოთებული, მე როგორც მივხვდი ამ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით გაიმართა, შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად გვითხრა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკურად გახსნილია გზა საქართველოსთვის, მეორე მხრივ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. ცხადია, ამ საბოტაჟის შემადგენელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც დაიწყო მმართველმა გუნდმა. პრეზიდენტს სურს, მოძებნოს გზა, რომ ჩვენ როგორმე უზრუნველვყოთ ის, რომ მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობისა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ჩვენ არ მივიღოთ სტატუსი, დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ რუსული ოცნება არ ასრულდეს და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.