ოპოზიცია თვითმმართველობის კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას მოითხოვენ.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა „ქართული ოცნება” ბორჯომის საკრებულოს საბოტაჟს უწყობს და უმჯობესია, კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება მისცეს, რომ ბორჯომის საკრებულოში წესრიგი უზრუნველყოს.
მისი თქმით, საკრებულოს წევრებს შენობაში არ უშვებენ.
„ერთმანეთს აზრებით შევეჯიბროთ და არა მუშტებით. არ შეიძლება, პარლამენტის წევრს ვინმე მუშტს უქნევდეს. შსს-ს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მონები არ უნდა გახდნენ. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, რადგან მუშტების ქნევა საშიშია“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციას კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შესთავაზა, საკითხზე საქმიანი დღის წესრიგით და რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით იმსჯელონ.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი დღეს საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.