ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას, ზუგდიდსა და ბათუმში კი მანიფესტაციებს გეგმავს
ხუთშაბათს ვაპირებთ, მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ ხელისუფლებას მზაკვრული საქმეების კეთების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, შაბათსა და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში.
„ჩვენ შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი და გაუგონარი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამავე დროს, ამ კვირაში ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ, ხუთშაბათს ვაპირებთ, მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ ხელისუფლებას მზაკვრული საქმეების კეთების შესაძლებლობა. პიკეტი იქნება დილიდან. საუზმე და პიკეტი გადაჯაჭვულ ცნებებად იქცა ოპოზიციისთვის და ხაში უმრავლესობისთვის, რადგან დილის 06:00 საათზე შედიან ხოლმე პარლამენტში. შაბათ-კვირას კი ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან, გიგი უგულავას თქმით, პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს.
„ჩვენ ველოდებით, რომ უმრავლესობა მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები კი მისთვის ცნობილია. ფაქტია, რომ მათ მისცეს პირობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი რაღაც წინადადებებით მოვლენ ან გაახმოვანებენ შეხვედრამდე. შეხვედრამდე დარჩენილია სამი დღე და შესაბამისად, თუ რამე წინადადება ექნებათ და გააჟღერებენ, ყველა ერთად გავიგებთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნები უცვლელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.