ოპერის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიხსნება
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დღეს ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიხსნება. კონკურსი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
კონკურსში OPERA CROWN მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 ახალგაზრდა მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.
შესარჩევ ტურებში 300-ზე მეტი ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობდა. კონკურსის ფინალი ოპერის თეატრში 5 მაისს ჩატარდება.
კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საოპერო ვარსკვლავები და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები.
2018 წლის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
ჟიურის შემადგენლობაში არიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის „ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი), ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt).
კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, აშშ-ის საელჩო, გოეთეს ცენტრი და „ჯორჯიან ეარვეისი“.
ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN დღეს გაიხსნება და 5 მაისს დასრულდება.