ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება
ქალაქ ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მდინარე რიონზე ჰესების კასკადის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.
აქცია მოძრაობა „არა ონის კასკადს” ორგანიზებით იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული პროექტი საფრთხეს უქმნის რაჭას, ამიტომ მისი განხორციელების საშუალებას კომპანია „ფერის” არ მისცემენ.
მოძრაობა „არა ონის კასკადმა” სარჩელით უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
აქციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მართავენ, მათ შორის არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მწვანე ალტერნატივა“, „ენერგოეფექტურობის ფონდი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“.
ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.
აქციას შეუერთდნენ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.