ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - რაჭაში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია, რომლის აღდგენაც მოხდება, ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - რაჭაში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია, რომლის აღდგენაც მოხდება, ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი აცხადებს, რომ სოფელ ზუდალში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია.

მისივე თქმით, მოხდება გზის აღდგენა.

„ქუთაისი-ალპანა-მამისონის 107-ე კილომეტრზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დროს ეს საფრთხეც მოსალოდნელი იყო. გათვალისწინებული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო არავინ, ვინც სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. რაც მთავარია, სამუშაოების დროს არავინ დაშავებულა. გზა არის გახსნილი მსუბუქი ავტომანქანებისთვის. ამ ეტაპისთვის გამეორების საფრთხე არ არსებობს. ახლა მოხდება გზის აღდგენა, შესაბამისად, არანაირი პრობლემა აღარ იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას მიწის ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც. მათი განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია შემოსაზღვრულ ადგილს.

ამასთან, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, „არეა ქონქრეთ ჯგუფის“ წარმომადგენლის განცხადებით, გზის მშენებლობის დროს ჩამოიშალა გამოფიტული ფერდობი, რასაც მოელოდნენ და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდა გზის სავალი ნაწილის შემცირება.