დავასრულეთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს ძალიან საინტერესო საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისათვის. აღნიშნულმა მუზეუმმა შესაძლებლობა მოგვცა, ყველა ეს უნიკალური ნივთი განთავსდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის დათვალიერებისას განაცხადა.
მისი თქმით, შენობაში გათვალისწინებულია როგორც საგამოფენო, ასევე ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები და საცავები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი კლიმატური კონტროლით.
„შეიძლება ითქვას, რომ ახალი მუზეუმით ონს შეემატა კიდევ ერთი ძალიან კარგი და ეფექტური სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის,“- განაცხადა ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით. მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები. შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის. კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც. პროექტში გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა.