ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ ქალაქ სოლედარის დიდ ნაწილს და, შესაძლოა, მთელ ტერიტორიასაც
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ ქალაქ სოლედარის დიდ ნაწილს და, შესაძლოა, მთელ ტერიტორიასაც.
ინსტიტუტის მკვლევარების ინფორმაციით, როგორც ჩანს, რუსეთის ძალებმა ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან უკრაინელი სამხედროების განდევნა შეძლეს, ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტების მიერ ქალაქ სოლედარის სავარაუდო დაკავება არ წარმოადგენს სიტუაციის ოპერატიულად მნიშვნელოვან განვითარებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ბახმუტის ალყაში მოქცევას ნიშნავდეს.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ გასული ღამე სოლედარში მძიმე იყო, უკრაინელი დამცველები შეუპოვრად ცდილობენ თავდაცვის შენარჩუნებას. შეტაკებები გრძელდება.
„ღამე სოლედარში იყო მძიმე, გრძელდებოდა ბრძოლები. მტერმა თითქმის მთელი ძირითადი ძალები დონეცკის მიმართულებაზე გადაისროლა და ინარჩუნებს შეტევის მაღალ ინტენსივობას“, – წერს ანა მალიარი „ტელეგრამში“.
მალიარის თქმით, ეს არის ომის რთული ეტაპი, თუმცა უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.