ომბუდსმენის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს
ომბუდსმენის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები არ გამართულა, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რა არჩევანს გააკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა.
„უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა და სავარაუდოდ უკვე შემდეგ სასესიო კვირაში კენჭი ეყრება სახალხო დამცველს, არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე. კრიტერიუმებზე გვქონდა მანამდე საუბარი, ეს არის მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია და გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში, სავარაუდოდ ხვალისთვის გაიმართება უმრავლესობის სხდომა და ალბათ იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვინ დასახელდება მათ მიერ სახალხო დამცველის კანდიდატად“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს საპარლამენტო უმრავლესობასა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში.
„ჩემთვის პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილიც იქნება ჩართული“, – აღნიშნა კობახიძემ.
სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.