ომალოში მცხოვრები მოქალაქეები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მყოფი მესაზღვრეები დღეს ხმის მიცემას შეძლებენ
თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას შეძლებს. ამის შესახებ პირველ არხს ახმეტის N18 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხმის მიცემას შეძლებენ ადგილზე მყოფი მესაზღვრეებიც.
„თუშეთის მაღალმთიანი სოფელ ომალოდან, სადაც ზამთრის პერიოდში მუდმივად საცხოვრებლად რამდენიმე ადამიანი რჩება, ოლქში სულ 12 განაცხადია შესული. თუშეთის სოფელ ომალოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, 27 მესაზღვრე იმყოფება. დღეს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ“, – განაცხადა მინდია იუკურიძემ.
მისივე განმარტებით, საარჩევნო ყუთს გამსვლელი კომისიის წევრები და პარტიების წარმომადგენლები ვერტმფრენით გადაიტანენ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ვერტმფრენი ამ წუთებში უკვე მიემართება ომალოსკენ.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თუშეთში მუდმივად მყოფმა ადამიანებმა ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ამის მიზეზად საავტომობილო გზის სეზონური დაკეტვა და ვერტმფრენისთვის ცუდი მეტეოროლოგიური პირობები დასახელდა.