ოლივერ ვარჰეი - ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის, პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მოსახლეობამ იცის თავისუფლების ფასი
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან – ევროკავშირი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით დგას, მათ შორის ისეთ რთულ დროს, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის კრიზისისა და პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ახლა მომავალზე ფოკუსირებას შევძლებთ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საჭიროა, საქართველომ სასამართლო რეფორმის პროცესში პროგრესს მიაღწიოს.
„რაც შეეხება რეფორმებს, მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა საარჩევნო რეფორმაში. ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი სასამართლო რეფორმაშიც“, – აღნიშნავს ვარჰეი.
ოლივერ ვარჰეი ასევე წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან ბოლო დღეების მოვლენები განიხილა. მისი თქმით, ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის.
„პრემიერ-მინისტრთან ასევე განვიხილე ბოლო მოვლენები – ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის. პასუხისმგებელმა პირებმა სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასთვის. საქართველოს მოსახლეობამ იცის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი“, – წერს ევროკომისარი.