ოლივერ ვარჰეი – ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის, პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მოსახლეობამ იცის თავისუფლების ფასი

17:43, 07.07.2021

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან – ევროკავშირი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით დგას, მათ შორის ისეთ რთულ დროს, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის კრიზისისა და პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ახლა მომავალზე ფოკუსირებას შევძლებთ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საჭიროა, საქართველომ სასამართლო რეფორმის პროცესში პროგრესს მიაღწიოს.

„რაც შეეხება რეფორმებს, მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა საარჩევნო რეფორმაში. ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი სასამართლო რეფორმაშიც“, – აღნიშნავს ვარჰეი.

ოლივერ ვარჰეი ასევე წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან ბოლო დღეების მოვლენები განიხილა. მისი თქმით, ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის.

„პრემიერ-მინისტრთან ასევე განვიხილე ბოლო მოვლენები – ძალადობისა და ვანდალიზმისთვის ადგილი არ არის. პასუხისმგებელმა პირებმა სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასთვის. საქართველოს მოსახლეობამ იცის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი“, – წერს ევროკომისარი.

მსგავსი