ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის ფილიპინებთან იბრძოლებს #1TVSPORT
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის ფილიპინებთან იბრძოლებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩს რიგაში ფილიპინების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დღეს, 4 ივლისს, 16:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ჯგუფში სამი გუნდია და ნახევარფინალში ორი გადის. პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა, ხოლო მეორე დღეს მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო.

ლატვიას მეორედაც რომ გაემარჯვა, ბოლო ტურში, 4 ივლისს საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად ფილიპინებთან მინიმალური სხვაობით მოგებაც ეყოფოდა. ფილიპინების წარმატებამ კი „ჯვაროსნებს“ საქმე გაურთულა – ნახევარფინალში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავლენ, თუ ფილიპინებს 19 და მეტი ქულით მოუგებენ.

საქმე ის არის, რომ ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თითო მოგება დაუგროვდება. პლეი ოფში გამსვლელი დუეტი კი ბურთების შეფარდებით გაირკვევა. ლატვიამ ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა და ქულათა სხვაობა +19 აქვს, ფილიპინებს +9, საქართველოს -28.

ჩვენმა გუნდმა 19 ქულით რომ გაიმარჯვოს, ფილიპინებს გადაასწრებს და ნახევარფინალში მეორე ადგილით გავა. საქართველოს -9 ექნება, ფილიპინებს – -10.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე:

შეგახსენებთ, რომ რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძვის – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური თამაშდება.

შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

B ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ბრაზილიამ მონტენეგროს 81:72 სძლია. მეორე მატჩში მონტენეგრომ კამერუნს 70:66 აჯობა. დღეს 20 საათზე ბრაზილია კამერუნს დაუპირისპირდება.