ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრაზილიის პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს ომი
ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრაზილიის პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს ომი

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუის ინასიო ლულა და სილვა უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს.

„უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბრაზილიის პრეზიდენტის ძალისხმევას ომის დასასრულებლად გზების პოვნაში. ამავდროულად, მისი მიდგომა, რომელიც მსხვერპლს და აგრესორს თანასწორს ხდის და ადანაშაულებს ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას აგრესიისგან თავის დაცვაში, არ შეესაბამება რეალობას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, უკრაინას ყველაზე მეტად სურს და ცდილობს, ყველა შესაძლო გზით დაასრულოს რუსეთის აგრესია უკრაინის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულით.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას არ სჭირდება ვინმეს დარწმუნება, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი გამოწვეულია „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“.