ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას
ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მონაწილეა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.