ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ალიანსში წევრობის საკითხი მოცემული მომენტისთვის არააქტუალურია. ამიტომ, გარკვეულწილად უცნაურია, რომ რუსეთის მთავრობამ დიდი პოლიტიკური დისკუსიების საგნად აქცია საკითხი, რომელიც ახლა არ დგას დღის წესრიგში“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ალიანსების თავისუფლად არჩევის პრინციპი არ შეიძლება, იყოს დისკუსიის საკითხი. მისი თქმით, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ უბრძანებს მეორეს, რომელ ალიანსში იყოს ან არ იყოს.
ოლაფ შოლცმა ასევე მხარი დაუჭირა ვითარების დეესკალაციისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ნორმანდიული ფორმატი, ნატო-რუსეთის საბჭო და ეუთო.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სურვილი.
„ჩვენგან არ არის გზავნილი, რომ ნატო-ში წევრობა არ არის ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება შესაძლოა, ყოფილიყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტია.
შეგახსენებთ, კიევში უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერი 15 თებერვალს მოსკოვში მიემგზავრება,სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება.