ოლაფ შოლცი - შესაძლოა, მოიძებნოს გზა, რომ დაიწყოს პროცესი, რომლითაც ერთ დღეს რუსეთი ასევე დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია
ოლაფ შოლცი - შესაძლოა, მოიძებნოს გზა, რომ დაიწყოს პროცესი, რომლითაც ერთ დღეს რუსეთი ასევე დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია

შესაძლოა, მოიძებნოს გზა, რომ დაიწყოს პროცესი, რომლითაც ერთ დღეს რუსეთი ასევე დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც შესაბამისი დრო იქნება, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კანცლერმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიაში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე.

„მოგვიანებით, შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის პირველ სამიტზე ჩვენ შევხვდებით ქვეყნებს მთელი მსოფლიოდან. იქ იქნება განხილული სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის პრინციპები. ეს ჯერ არ არის მოლაპარაკებები ომის დასრულების საკითხზე, რადგან პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, დაასრულოს თავისი სასტიკი კამპანია და გაიყვანოს ძალები. თუმცა შესაძლოა, მოიძებნოს გზა, რომ დაიწყოს პროცესი, რომლითაც ერთ დღეს რუსეთი ასევე დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც შესაბამისი დრო იქნება. ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის შემდგომ უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღდგენის დაწყებაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ზოგადად უკრაინის აღდგენას, გლობალური აღდგენა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება. არ არის საჭირო უკრაინელების სლოგანებით მოტივირება. მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ჩამოვა ქვეყნის აღსადგენად, რადგან იქნება სამუშაო ადგილები, იქნება უსაფრთხოება და მჯერა, რომ იქნება დიდი მოტივაცია. რაც შეეხება დღეს აღდგენას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ეს. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, თუ დღეს, ამ რთულ პერიოდში, ვინმეს სურს უკრაინაში ჩამოსვლა და ქვეყნის აღდგენაში დახმარება, არის მიმართულებები, რომლებზეც საჭიროა დღეს მუშაობა, არიან ადამიანები, რომლებიც სახლების გარეშე დარჩნენ. მათ დახმარება სჭირდებათ. საჭიროა სამუშაო ძალა. საჭიროა ეს პროფესიები. ჩვენ ბევრი ადამიანი დავკარგეთ, რომლებმაც ომის გამო დაკარგეს პროფესია, ზოგი წავიდა საზღვარგარეთ. უკრაინას სჭირდება დახმარება საცხოვრებლების მშენებლობაში, სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენაში, საწარმოებში მუშაობა არმიის მხარდასაჭერად, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.