ოლაფ შოლცი - პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ უკრაინა კანონპროქტებს, სპეციალური სტატუსისა და არჩევნების შესახებ განსახილველად წარადგენს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას რუსეთის ფედერაციისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს. ამას ხვალ მოსკოვში აღვნიშნავ. მადლობელი ვართ უკრაინის მთვრობისადმი გონივრული და თავშეკავებული რეაგირების გამო, ძალიან რთულ და საშიშ სიტუაციაში“, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერის თქმით, გერმანია მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე.
გერმანელი ლიდერის განცხადებით, უკრაინა დონბასის სპეციალური სტატუსისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების შესახებ კანონპროექტებს წარადგენს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ უკრაინა განსახილველად წარადგენს კანონპროქტებს სპეციალური სტატუსისა და არჩევნების შესახებ“, – აღნიშნა შოლცმა.
აქვე, გერმანიის კანცლერმა კიევსა და მოსკოვს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. დამატებით კი აღნიშნა, რომ იგი მოელის „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერთა მრჩევლების მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.
დღეს კიევში, მარიინსკის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. უკვე ხვალ, 15 თებერვალს, გერმანიის კანცლერი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.