გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დღის წესრიგს. მისი თქმით, ის სი ძინპინთან განიხილავს, როგორ შეუძლიათ მეტი წვლილის შეტანა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
შოლცის თქმით, ომმა და რუსეთის ხელახლა შეიარაღებამ დაარღვია გაერო-ს ქარტიის პრინციპი საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა ბირთვული ესკალაციის საფრთხეს.
„ცხადია, ჩვენ, ორმა, ეს მკაფიოდ ვთქვით აქ, პეკინში, ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა შოლცმა.
კანცლერმა ასევე ისაუბრა ჩინეთსა და გერმანიას შორის კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა უკრაინის კრიზისის კონტროლიდან გასვლის აღსაკვეთად და მშვიდობის აღსადგენად ოთხი პრინციპი დაასახელა.
გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას სი ძინპინმა აღნიშნა, იმისთვის, რომ არ მოხდეს კონფლიქტის კონტროლიდან გასვლა, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს ერთად მშვიდობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად.
„პირველ ყოვლისა, ჩვენ პრიორიტეტად უნდა გავხადოთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და თავი შევიკავოთ ანგარებიანი მიზნების დევნისგან; მეორე, ჩვენ უნდა განვმუხტოთ ვითარება და არ დავუმატოთ ნავთი ცეცხლს; მესამე, ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები მშვიდობის აღსადგენად და თავი შევიკავოთ დაძაბულობის გამწვავებისგან; მეოთხე, ჩვენ უნდა შევამციროთ მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა და თავი შევიკავოთ გლობალური სამეწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის ხელყოფისგან“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ოლაფ შოლცთან შეხვედრისას სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთისა და გერმანიის სამეწარმეო და მიწოდების ჯაჭვები ურთიერთდაკავშირებულია და ორი ქვეყნის ბაზრები ერთმანეთზე დამოკიდებულია. მისი თქმით, ჩინეთსა და გერმანიას შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა არ არის რისკი, არამედ ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიაა და სამომავლო შესაძლებლობა.
როგორც ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, ორ ქვეყანას ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს როგორც ტრადიციულ სექტორებში, როგორიცაა მანქანების წარმოება, ისე ახალ სფეროებში, როგორებიცაა მწვანე ტრანსფორმაცია და ციფრული ხელოვნური ინტელექტი.