ოლაფ შოლცი - მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს, მაგრამ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენს ახლო მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და რისი უზრუნველყოფა შეგვიძლია. ეს არის უწყვეტი პროცესი, მაგარამ ნათელია, რომ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა. ნათელია, რომ რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ასევე დავიცავთ ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის მსგავს ადგილებს ჩვენი ჯარებით“, – განაცხადა შოლცმა.
შოლცის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხების განხილვა უკრაინასთანაც მიმდინარეობს და ამასთან, დიპლომატიური სფერო ემზადება უკრაინის ომის დასრულების შემდგომი პერიოდისთვის, რომელიც, იმედოვნებს, რომ მალე დადგება.
„არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ უკრაინასთან, რადგან ეს საკითხი ცენტრალურია ომის შემდგომ მშვიდობის დღის წესრიგისთვის. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. მაგალითად, ნებისმიერ დროს სანქციების აღდგენის მზადყოფნა, რომელიც თავის როლს თამაშობს. აშკარაა, რომ ეს არის ის, რაც ძლიან ფრთხილად მზადდება დიპლომატიურ სფეროში იმ დღისთვის, რომელიც იმედი მაქვს, მალე დადგება. კერძოდ, როდესაც ომი დასრულდება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.