ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ მისი პარტია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს
ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ მისი პარტია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ მისი პარტია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ოლაფ შოლცის თქმით, „მოსწონს კანცლერად ყოფნა“ და მისი მიზანია, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია იყოს რაც შეიძლება ძლიერი და მომავალ მთავრობას სათავეში ჩაუდგეს“.

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი გამოკითხვები არ განსაზღვრავს ბუნდესტაგის მომავალი არჩევნების შედეგებს.

„პოლიტიკური ლანდშაფტი აქ ძალიან ცვალებადია. დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, გერმანიის საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. ამჟამად გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ სარგებლობს, რომლისთვისაც ხმის მიცემას გერმანელთა 30%-ზე მეტი აპირებს. მოქმედი სამთავრობო კოალიციის პარტიები: შოლცის „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ამ შედეგს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.