ოლაფ შოლცი - გვჭირდება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია და რუსეთმა უნდა დაიკავოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ახლა არის ზუსტად ის დრო, როცა უნდა გავახმოვანოთ არსებული ვარიანტები
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის შესახებ მშვიდობის სამიტში რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„ახლა არის ზუსტად ის მომენტი, ზუსტად ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა გავახმოვანოთ არსებული ვარიანტები. გვჭირდება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია და რუსეთმა უნდა დაიკავოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანელი ამომრჩევლის ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს ისეთ პარტიებს, რომლებიც ღიად აწარმოებენ ასეთ კამპანიას. როგორც შოლცმა განაცხადა, ეს არასწორია და უკრაინას მანამდე უნდა დაუჭირონ მხარი, ვიდრე საჭირო იქნება. ამავდროულად, კანცლერმა დასძინა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა გაჩნდეს.
„სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ არის ნაკარნახევი, არ არის კაპიტულაცია, ვინაიდან პატივს სცემს უკრაინის, როგორც ოკუპირებული ქვეყნის, მთლიანობასა და სუვერენიტეტს – ასეთი მშვიდობა ყოველთვის განიხილება“, – ამბობს შოლცი.