ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა
ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა. როგორც „როიტერი“ წერს, გერმანიის მთავრობის მეთაური ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც.

გერმანიის კანცლერის ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც ის ქალაქ ჩუნცინს ეწვია.

მოგვიანებით ოლაფ შოლცი პეკინში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან.

ჩინეთში ჩასვლისას შოლცი გამოეხმაურა ისრაელზე ირანის თავდასხმას და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვაში.

ჩინეთში ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ასევე აპირებს, ისაუბროს უკრაინაში მიმდინარე ომზე. როგორც შოლცმა განაცხადა, პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა აძლევს საშუალებას რუსეთს, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, რაც ევროპაში ჩინეთის რეპუტაციას ლახავს.