ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ „ტაურუსის“ უკრაინისთვის გადაცემა გერმანელი ჯარისკაცების გარეშე ვერ მოხდება, მათი უკრაინაში გაგზავნა კი გერმანიის მთავრობისთვის მიუღებელია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ უკრაინისთვის გადაცემა გერმანელი ჯარისკაცების გარეშე ვერ მოხდება. ამის შესახებ მან ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განმარტა, „ტაურუსის“ გამოყენება გერმანელი სამხედროების გარეშე ვერ მოხერხდება, მათი უკრაინაში გაგზავნა კი გერმანიის მთავრობისთვის მიუღებელია.
„ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ მინდა, გადავკვეთო, როგორც კანცლერმა. ჩემი წინდახედულობა კი არ უნდა შეფასდეს, როგორც სისუსტე“, – განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის, მანამდე გერმანული ფრთოსანი რაკეტის „ტაურუსის“ მწარმოებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, უკრაინელი სამხედროები გაწვრთნან, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მისი გამოყენება.