ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობა, კიევის მხარდაჭერის პარალელურად, ცდილობს, ნატო-სა და რუსეთს შორის ესკლაცია თავიდან აიცილოს
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობა, კიევის მხარდაჭერის პარალელურად, ცდილობს, ნატო-სა და რუსეთს შორის ესკლაცია თავიდან აიცილოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მთავრობა, კიევის მხარდაჭერის პარალელურად, ცდილობს, ნატო-სა და რუსეთს შორის ესკლაცია თავიდან აიცილოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რამდენადაც საჭიროა, და, ამავდროულად, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება აწონილ-დაწონილია, რათა თავიდან ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის“, – განაცხადა შოლცმა.

ამის საფუძველზე გერმანია „მკაფიოდ მიუთითებს“, რა ტიპის იარაღის გადაცემა შეუძლია უკრაინისთვის და რა ტიპის – არა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ მან კიევს უფლება მისცა, მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მოსაზღვრე რეგიონებში.

გერმანიის კანცლერი, კიევის მოთხოვნის მიუხედავად, რამდენიმე თვეა, უარს ამბობს უკრაინისთვის TAURUS-ის სისტემების გადაცემაზე.

„შეუძლებელია, ძალიან შორი დისტანციის იარაღი მიაწოდო და არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ უნდა გააკონტროლო ისინი. კონტროლი კი შესაძლებელია მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია“, – განაცხადა შოლცმა მარტში.