ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ, გერმანელი სამხედროების საუბრის ჩანაწერის გასაჯაროების მიუხედავად, მოკავშირეები ჯერ კიდევ ენდობიან გერმანიას
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ, გერმანელი სამხედროების საუბრის ჩანაწერის გასაჯაროების მიუხედავად, მოკავშირეები ჯერ კიდევ ენდობიან გერმანიას

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანელი სამხედროების საუბრის ჩანაწერის გასაჯაროების მიუხედავად, მოკავშირეები ჯერ კიდევ ენდობიან გერმანიას.

როგორც გერმანული მედია წერს, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ მომხდარი ინციდენტის გამო ბერლინის მიმართ მოკავშირეთა ნდობა არ შერყეულა.

საქმე ეხება პირველ მარტს რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მიერ გავრცელებულ 38-წუთიან ჩანაწერს, რომელშიც გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნები ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსის“ უკრაინისთვის მიწოდებასა და ამ რაკეტების შესაძლო სამიზნეებზე საუბრობენ.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გერმანიის კონტრდაზვერვა მომხდარს იძიებს. ამასთან, ჩანაწერის გავრცელებას ბერლინში რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმა უწოდეს.

როგორც ცნობილია, ოლაფ შოლცს რუსეთის მიერ გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერის გავრცელების საკითხზე საუბარი კიდევ ერთხელ 13 მარტს მოუწევს, როდესაც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში მივა.