ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.
ჯიოევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს.
“დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან რთული. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით ვიღებდით ერთმანეთთან აცდენილ გზავნილებს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან სამი საკითხი დადგა – ცხედრის გადმოსვენება, გათავისუფლებული პირების ოკუპირებული ახალგორიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, ტატუნაშვილის საკითხზე სიღრმისეული გამოძიების ჩატარება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ დასაწყისში ვერ შეძლეს ცხედრის ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის ჩატარება რუსეთის ფედერაციას სთხოვეს. მათი თქმით, ეს გარკვეულ დროს წაიღებს. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ ეს დრო უნდა შემცირდეს და დროულად მოხდეს ცხედრის გადმოცემა. ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით ჩვენ ვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, თუ რა დრო დაჭირდება რუსეთის ფედერციის საექსპერტო ბიუროს. ეჭვები არსებობს და ძალიან ბევრი კითხვა რჩება. ბრალდებები, რომელმაც გაიჟღერა მათი მხრიდან არის აბსურდული. ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო გააქტიურებას საერთაშორისო საზოგადოების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს წნეხი დე ფაქტო ხელისუფლებაზე. რაც ხდება ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით , ეს სცდება არა მარტო ჰუმანიტარულ, არამედ მორალურ ჩარჩოებსაც”, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროისის მოადგილე კახა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.