ოკუპირებული ცხინვალის აფთიაქებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილი წამლები ამოიღეს
ოკუპირებული ცხინვალის აფთიაქებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილი წამლები ამოიღეს

ოკუპირებული ცხინვალის აფთიაქებიდან სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილი წამლები ამოიღო.

საინფორმაციო სააგენტო „კომინფის“ ინფორმაციით, შემოწმებები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთა ბრძოლის დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ცხინვალში მცხოვრები 44 წლის ქალის მიმართ, რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღიძრა. სამედიცინო პრეპარატები ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლოში გაგზავნეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები 17 თებერვალსაც ჩამოართვა. სააგენტო „კომინფი“ წერს, რომ „სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.