ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი - საქართველოსგან დახმარება მიუღებელია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია აცხადებს, რომ აფხაზეთისთვის „საქართველოსგან დახმარება მიუღებელია“. კვიცინიას განცხადებას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ჟურნალისტმა კვიცინიას საქართველოს მიერ ხანძრების ჩაქრობაში დახმარების შეთავაზებასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
„თქვენგან მესმის პირველად, რომ საქართველო ჩვენ რამე დახმარება გვთავაზობს, საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანირი მცდელობები არ ყოფილა და ვერ იქნება, ქართველებთან ჩვენ არასდროს არანირი კონტაქტები არ გვქონია“, – განაცხადა კვიცინიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე-ფაქტო მინისტრი ასევე ამბობს, რომ მათ დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავთ, რადგან ამის საჭიროება არ არის. რაც შეეხება ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ავიაციის ჩართვას, კვიცინია აცხადებს, რომ ამისათვის საჭირო საწვავი არ აქვთ.
„რაც შეეხება ხანძრის ჩაქრობას, ჩვენ არაფერი გვითხოვია, ამის აუცილებლობა არ არის, ვიდრე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. განვმარტავ, ავიაციის მუშაობის ერთი დღე, ეს დაახლოებით 50 ტონა საწვავია, ასეთი რაოდენობის საწვავი ჩვენ არ გვაქვს, ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა მან.
ლევ კვიცინია აცხადებს, რომ ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მეტეოროლოგიური პროგნოზოით, 9 იანვრის საღამოს წვიმა არის მოსალოდნელი.