ოკუპირებული აფხაზეთი სტამბოლში საერთაშორისო გამოფენის მონაწილეთა სიიდან საქართველოს საელჩოს პროტესტის გამო ამოიღეს
ოკუპირებული აფხაზეთი სტამბოლში საერთაშორისო გამოფენის მონაწილეთა სიიდან საქართველოს საელჩოს პროტესტის გამო ამოიღეს. კერძოდ, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას მონაწილეობა უნდა მიეღო საკვები პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც სტამბოლში პირველ სექტემბერს გაიხსნა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლის შედეგად გამოფენის ორგანიზატორებმა ოკუპირებული აფხაზეთი მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ანალოგიური შემთხვევა მანამდეც მოხდა, როდესაც პოლონეთში საქართველოს საელჩოს ჩარევის გამო პალატამ უარი მიიღო საკვები პროდუქტებისა და სურსათის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობაზე, რომელიც ვარშავაში 2022 წლის 5-7 აპრილს არის დაგეგმილი.