ინციდენტი მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში. როგორც ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, სოხუმის ცენტრში, მშვიდობის გამზირზე მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი ვორონოვის (ყოფილი ლენინის) პარკიდან მშვიდობის გამზირის მიმართულებით ხელყუმბარით ხელში მირბოდა და მის აფეთქებას ცდილობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ე.წ. მილიცია მოსახლეობას აფრთხილებდა, ქუჩა დაეტოვებინათ.
ამასთან, მედიის ცნობით, უცნობია მამაკაცი თავის აფეთქებას აპირებდა თუ ხელყუმბარის გამვლელების მისამართით გადაგდებას ცდილობდა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში აცხადებენ, მამაკაცი დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება. ე.წ. სამართალდამცველ უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ხელყუმბარას დამცავი რგოლი მოხსნილი ჰქონდა. მათივე ცნობით, ჩხრეკისას მამაკაცს მეორე ხელყუმბარაც აღმოაჩნდა.