ოკუპირებულ აფხაზეთში მწვანე კალიის მასობრივი გავრცელების გამო, სიმინდის ნათესებს საფრთხე ემუქრება. ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ის ინფორმაციით, მწვანე კალიის გამრავლება გაჭიანურებულ გვალვას უკავშირდება.
„მწვანე კალია მტაცებელი მწერია, რომელიც ტკიპებსაც ანადგურებს. სოფლის მეურნეობისთვის მწვანე კალია არ არის მავნე, გარდა იმ შემთხვევისა თუ მისი რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რის წინაშეც ახლა აღმოვჩნდით. კალიების მკვეთრი მიგრაცია სიმინდის კულტურაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კალია მტაცებელია, სჭირდება ცილის საკვებიც და აქედან გამომდინარე, მისი საკვები სიმინდის ახალი ნათესები გახდა“, – თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ წარმომადგენელმა, ვლადიმირ გერიამ.
სიმინდის კულტურის განადგურების პირევლი შეთხვევები 2-3 ივლისს აღინიშნა, 4 ივლისს კი ნათესების ქიმიური დამუშავება გალის რაიონში დაიწყო. ამჟამად გალში პრობლემა დაძლეულია, თუმცა მწერის გავრცელების კერები გაჩნდა ტყვარჩელის რაიონში. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სიმინდის ნათესების კიდევ ერთ პრობლემად ჩრჩილს ასახელებს, რომელიც მცენარის ღერში აღწევს და კულტურას ზიანს სიმინდის ფორმირების დროს აყენებს.